მითი რუსეთისა და უკრაინის „ძმობაზე”, შეირყა 2014 წელს და საბოლოოდ დაიმსხვრა თებერვალში – . „ძმები“ არ კლავენ ბავშვებს, არ აუპატიურებენ ქალებს – უკრაინის საგარეო უწყება მაკრონს პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერ გაბედა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვის გენოციდი ეწოდებინა.

მაკრონის საპასუხო განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს:

,,გულდასაწყვეტია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა ღია განცხადებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად. უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მითი რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის შესახებ შეირყა ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მერე ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად რუსი „ძმები“ მოვიდნენ. მაგრამ რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა.

ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გამოფრინდნენ. „ძმები“ არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველ ადამიანებზე. ამჟამად არ არსებობს მორალური და რეალური საფუძველი, ვისაუბროთ რუსი და უკრაინელი ხალხების „ძმურ“ კავშირებზე” – წერს ნიკოლენკო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა: „დღეს ასეთი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.