არჩილ თალაკვაძე – საუბარი, რომ ვიღაცამ ევროკავშირის კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სიცრუე

რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია ხალხისთვის იმის თქმა, თითქოს, კითხვარი ვიღაცამ გადამალა და არავის აჩვენებს, რაც არასერიოზული საუბარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვარი სამი ბლოკისგან შედგება და პარლამენტს მთავრობასთან აქვს კომუნიკაცია და ევროკავშირთან შეთანხმებით დეტალური განხილვები იქნება უზრუნველყოფილი.

„ეს არის პოლიტიკური ბლოკი, სადაც კითხვები ეხება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პარლამენტს, მთავრობას, სამინისტროებს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. მეორეა – სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი, სადაც კითხვები მოცემულია ექსპორტ-იმპორტთან, ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკასთან, ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებით. მესამე ბლოკი არის სექტორული ბლოკი, იქნება ეს სოციალური სისტემა, კულტურის დაცვის სფერო, სპორტის მიმართულება თუ სხვა. თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია სჭირდება, ესეც იქნება, რაც შესაძლებელია ევროკავშირთან შეთანხმებით.

პარლამენტს კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან და კითხვართან დაკავშირებით ვუზრუნველვყოფთ დეტალურ განხილვებს, რაც თავისთავად მოიცავს, რომ პროცესში ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი იმ ზომით, რა ზომითაც ეს ევროკავშირთან შეთანხმდება. დამიჯერეთ, კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.