ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მივმართეთ ევროკავშირს, მიხვდნენ, ვეღარ გააგრძელებდნენ ამ ვირეშმაკობას და ამიტომ გაასაჯაროვებენ დოკუმენტს – გიორგი ვაშაძე

მიხვდნენ, რომ ვეღარ გააგრძელებდნენ ვირეშმაკობას და ამიტომ გაასაჯაროვებენ დოკუმენტს, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება.

მისი თქმით, კითხვარის შევსების პროცესში ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები აუცილებლად უნდა ჩაერთოს.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ იტყუებოდნენ, რომ არ ასაჯაროვებდნენ დოკუმენტს, თითქოს ეს საიდუმლო იყო, ვიღაცას ჩაახედებდნენ და ვიღაცას – არა. სწორედ ამიტომ საპარლამენტო მექანიზმი გამოვიყენეთ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მივმართეთ ევროკავშირს და მიხვდნენ, ვეღარ გააგრძელებდნენ ამ ვირეშმაკობას და ამიტომ გაასაჯაროვებენ დოკუმენტს, რომელიც წარმოუდგენელია, რატომ უნდა იყოს საიდუმლო. ამიტომ ოპოზიციის კოორდინირებულ და სწორ ქმედებებს ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი და სწორი პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ ასევე კითხვარის შევსებაში გვექნება დეტალური მონიტორინგი, რომ ეს უზარმაზარი ისტორიული შანსი არ დაკარგოს. მოვუწოდებ დარჩიაშვილს, ნუ მოიმიზეზებს შაბათ- კვირას არ ვმუშაობთ და ორშაბათს გავასაჯაროვებთო, დროულად გაასაჯაროვონ,”- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან გამოგზავნილი კითხვარი გასაჯაროვდება.