ჯაბახიძე: რეორგანიზაციის შედეგად სამხედროებს მიეცემათ მეტი სტიმული წინსვლის საშუალებით, პირამიდა კი გასწორდება

თავდაცვის უწყების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში გენერალური შტაბის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების, მეხუთე და პირველი ბრიგადების გაერთიანება იგეგმება.

ამის შესახებ 2030.news-ს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მოადგილემ, შალვა ჯაბახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის უწყებაში რეორგანიზაციის მიზანია,  შემცირდეს საშტატო ერთეულები.

„საშტატო ერთეულები წლების განმავლობაში გაიბერა და აუცილებელია, მოხდეს სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. როცა ვსაუბრობთ შემცირებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ იმ საშტატო ერთეულებს, რომლებიც წლების განმავლობაში იზრდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგალითად, გარკვეული პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდა თანამშრომელი შეიარაღებულ ძალებში, ინიშნებოდა ნეპოტიზმის გათვალისწინებითაც და შესაბამისად, წლების განმავლობაში ძალიან გაიბერა ჩვენი სტრუქტურა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეხდინა რეორგანიზაცია. რაც შეეხება გენერალური შტაბის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს, აქ რამდენიმე ქვედანაყოფის გაერთიანებაა, კონკრეტულად მეხუთე და პირველი ქვეითი ბრიგადების გაერთიანება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეხუთე და პირველი ბრიგადის გაერთიანებით გაცილებით მაღლა აიწევს ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის დონე”, – განაცხადა შალვა ჯაბახიძემ.

ამასთან, როგორც შალვა ჯაბახიძე აცხადებს, პირებს, რომლებიც შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან, წოდებების მიხედვით გარკვეული სახის საკმაოდ სოლიდური კომპენსაცია მიეცემათ.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის საკითხი ძალიან მტკივნეულია. „რაც შეეხება პირამიდას, ეს აუცილებელი პირობაა, რომ იყოს შეიარაღებულ ძალებში. პირამიდა გულისხმობს შემდეგს – მაგალითად მოვიყვან პოლკოვნიკების საკითხს – დაახლოებით 266 პოლკოვნიკის საშტატო ერთეული არსებობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ამ რეორგანიზაციის შედეგად 120 საშტატო ერთეულამდე დავიდა. იგივე მდგომარეობაა ვიცე-პოლკოვნიკების კუთხითაც, ასევე მაიორის, კაპიტნის თანამდებობებზე. ამ რეორგანიზაციის შედეგად, რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ უფრო მეტი სტიმული და წინსვლის საშუალებით, პირამიდა კი გასწორდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ჯაბახიძემ.

კომენტარის დატოვება