რა უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ დაცული-ჩვენი სტუმარია ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში

დავით დოლიძე

სურსათის უვნებლობის სააგენტო მოსახლეობას პრევენციულ რჩევებს აძლევს!

ალბათ, ყველა მომხმარებლისთვის აქტუალურია საკითხი, რას მივირთმევთ და რამდენად შეესაბამება სტანდარტებს ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის საცალო ქსელში ხვდება, ან რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყალი. ბოლო პერიოდში გახშირდა საკვებით მოწამვლის ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებით ინფიცირების ფაქტები. ბუნებრივია ყველას აინტერესებს რა არის ამის მიზეზი. როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ტიპის დაავადებებისაგან და რა უნდა გავაკეთოთ თუ კი გავხვდებით საკვების მავნებლობის მსხვერპლნი. ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად, ჩვენ ექსპერტს სურსათის უვნებლობის საკითხებში, ქალბატონ მანანა წულუკიძეს გავესაუბრეთ.

-ქალბატონო მანანა, პირველ რიგში საინტერესოა თუ როგორი მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, სურსათის უვნებლობის კუთხით?

-მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებულია. თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პრობლემა გადაჭრილად შევაფასოთ. უკანასკნელ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და საკვების ხარისხის შემმოწმებელი უწყების ერთობლივი მუშაობის შედეგად. შეიცვალა კანონმდებლობაში შეტანილი მუხლებიც, რომლის თანახმადაც, ყველა საკვების შემომტან ან მაწარმოებელ კომპანიას დაევალა ეტიკეტზე მიუთითოს შენახვის პირობები და ვადები. ასევე გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი. ვფიქრობ, ეს ცვლილებები კიდევ უფრო შეამცირებს სურსათის მავნე ზემოქმედების ფაქტებს მის მომხმარებელზე.

-როგორ ხდება საკვების ვარგისიანობის დადგენა და რამდენად ეფექტურად მუშაობენ ის უწყებები, რომლებიც რეალურ კონტროლს უწევენ ვადაგასულ ან ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ საკვებს?

-საკვების ვარგისიანობის დასადგენად აუცილებელია მოხდეს მისი ლაბორატორიულად შესწავლა. უნდა ჩაუტარდეს მიკრობიოლოგიური კვლევები, მოხდეს სინჯის აღება და მიენიჭოს შესაბამისი ხარისხის ნიშანი. ამის შემდეგ ჩაითვლება, რომ პრუდუქტი არის ვარგისიანი და უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისთვის. წინააღმედ შემთხვევაში მოხდება მისი ამოღება გასაყიდი დახლებიდან. რაც შეეხება შესაბამისი უწყებების ეფექტურ მუშაობას. წეღან უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლო 3 წელიწადში ბევრი რამ უკეთესობისაკენ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. შეიქმნა ახალი ლაბორატორიები, გამკაცრდა სურსათის წარმოების ნორმები, ტარდება შემოწმებები სხვადასხვა საწარმოში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მოხდა უამრავი ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში და ნაკლებად საშიში პროდუქტისა თუ ნივთიერების გაყიდვიდან ამოღება. ხოლო კომპანიებს დაეკისრათ სხვადასხვა ოდენობით ფულადი ჯარიმები.

-არის თუ არა დღეს ჩვენს ქვეყანაში ევროპული დონის შესაფერისი ლაბორატორიები?

-რა თქმა უნდა არის. მარტო დედაქალაქში 3 უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაფერისი კერძო ლაბორატორიაა. გარდა ამისა მსგავსი ლაბორატორიები ფუნქციონირებს ქუთაისსა და ბათუმშიც. ასევე მავნე ნივთიერებების შემოწმება ხდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ოდნავ გამოსწორებულია, თუმცა ეს ბუნებრივია საკმარისი არ არის, რომ თავიდან ავიცილოთ საკვებად უვარგისი პროდუქტის გამოჩენა ბაზრებსა თუ სუპერმარკეტებში. რაღა თქმა უნდა ყველაფრის შემოწმებას ვერ ვახერხებთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზისდა გამო.

-ლაბორატორიულად რა პროცედურები ტარდება, სურსათის ან წყლის ვარგისიანობის დასადგენად?

-რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, უნდა ჩაუტარდეს მიკრობიოლოგიური კვლევები, მოხდეს სინჯის აღება და მიენიჭოს შესაბამისი ხარისხის ნიშანი. ამის შემდეგ ჩაითვლება, რომ პრუდუქტი არის ვარგისიანი და უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისთვის. ყველა მიკრობიოლოგიური პროცედურის ჩატარებას რამდენიმე დღე სჭირდება. შემდეგ იწერება ბრძანება დასაშვებია თუ ასაკრძალი პროდუქცია. ამის სისრულეში მოყვანასაც ხშირად რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს.

-გასაყიდ დახლებზე არსებული რომელი საკვები ან ნივთიერებაა ყველაზე სარისკო ჩვენი მოსახლეობისათვის?

-საშიშია ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს ულტრა ემულგატორებს. ემულგატორი არის საკვები დანამატი.მათგან შექმნილი ემულსიის საშუალებით საკვები ხდება გემრიელი, დიდხანს შენახვადი, პლასტიკური. იმ უამრავი ემულგატორიდან, რომლებიც ამ მიზნებით გამოიყენება საკვები პროდუქტების დამზადებისას, საქართველოში აკრძალულია მხოლოდ ხუთი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოტანილ თუ ადგილზე წარმოებულ პროდუქციაში არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ხუთი ემულგატორი: E-121, E-123, E-240, E-924 a და b. ემულგატორები მეტად სახიფათოა ბავშვებისა და ასთმიანებისათვის.იმის გასაგებად თუ რომელი საკვები რომელ ემულგატორს შეიცავს უნდა გადმოვაბრუნოთ საკვები მეორე მხარეს სადაც აწერია შემადგენლობა. განსაკუთრებით საშიშია საღეჭი რეზინები, რადგან ის იწვევს სიმსივნეს. მისი დაღეჭვა შეიძლება ჭამის შემდეგ 3-4 წუთი. სამწუხაროდ არ ხდება დროული შემოწმება ემულგატორიანი საკვების. ამ პრობლემას კი დროულად უნდა გადაჭრა. ამდენი სიმსივნით დაავადებული ადამიანი, რომ გვყავს ქვეყანაში ეს გარკვეულ წილად ამის ბრალიცაა.

-რას იტყვით თბილისისა თუ რეგიონების ბაზრებზე? რამდენად არის დაცული უსაფრთხოებისა და საკვების სწორად შენახვის პირობები?

– სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისსა და მარნეულში ხორცის სარეალიზაციო ობიექტები და პურის ქარხანა უკვე დახურა. თუმცა საგანგაშო მდგომარეობაა დედაქალაქისა და სხვადასხვა რაიონის ბაზრებში. რბილად რომ ვთქვათ არ არის დაცული ელემენტარული სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმები. განსაკუთრებით საშიშია ბაზარში შეძენილი ღორის და საქონლის ხორცი. ყოფილა უამრავი მაგალითი, რომ შეუმოწმებელ ხორცი დიზინტერიისა და ტიფის მატარებელი ყოფილა. სწორედ ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს დედაქალაქსა და რეგიონებში ახორციელებს.

-ბაზარში არსებული სერიოზული დარღვევები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა როგორი სიტუაციაა ამ მხრივ დიდ სუპერმარკეტებში?

– მკვეთრად სასიკეთო მდგომარეობა არც სუპერმარკეტებშია. მართალია მსგავს ობიექტებში შედარებით დაცულია სანიტარული ნორმები და სისუფთავე, მაგრამ კონტროლი მაინც არ არის ისეთი, როგორიც წესითა და რიგით უნდა იყოს. დახლებზე მაინც წააწყდებით ვადა გასულ, ან საკვებად უვარგის პროდუქტებს, თავი რომ დავანებოთ ემულგატორებსა და სხვა საშიში ნივთიერებების შემცველ სურსათს. არის რამდენიმე დასახელების ნატურალური წვენები, რომლის შემადგენლობაც 100%-ით ქიმიურია და არ არის სასურველი მიიღოს ადამიანმა, განსაკუთრებით კი მოზარდმა და სხვადასხვა დაავადების მქონე პირმა.

-ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა გაყინული პრდუქტებისგან, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ქათმის ბარკლებისა და ღორის ხორცისგან მოწამვლის ფაქტები. რას უნდა უკავშირდებოდეს ეს ყოველივე?

-დავიწყოთ იქედან, რომ ეს პროდუქტი სხვისთვის მაღალხარისხოვნად არ ითვლებოდა და სიიაფის გამო, ჩვენს ბაზარზე ადგილს ადვილად პოულობდა. ამასთან, ეს ჰორმონალური პრეპარატებით გაზრდილი ფრინველებია, რომლებიც სიმწიფეს ძალიან მოკლე დროში აღწვევენ და ესეც დიდი პრობლემაა, რადგან ის ჰორმონალური პრეპარატები და ანტიბიოტიკები, რომელიც ამ შემთხვევაში ქათმებისთვის გამოიყენება, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს.

მაგალითისთვის, ამის გამო ,,მაკდონალდსმა“ იმ ქათმების მიღებაზე, რომლებიც ასეთ ანტიბიოტიკებზეა გაზრდილი, – უარი განაცხადა. კომპანიის სათაო ოფისმა პირდაპირ თქვა უარი ამ ქათმების მიღებაზე, იმიტომ რომ ანტიბიოტიკების ჭარბი მიღება, ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ეწეროს, რომ ის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან არის მიღებული. ასეთი პროდუქტების ერთი –ორჯერ მიღება ადამიანს არაფერს არ უზამს, მაგრამ ეს დოზაზეა დამოკიდებული და თუ ხშირად მიიღებს, ის უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია. ადამიანს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს, რომ თუ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ჯანსაღი პროდუქტი, თუ არა და, ეს გენმოდიფიცირებული საკვები ყოველგვარი წესების დაცვით, რაც შეიძლება მინიმალურად მიიღოს, რათა ის უარყოფითი ნივთიერება, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს მის ორგანიზმში გადაჭარბებულად არ მოხვდეს.

-თქვენი აზრით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ რეალურად მოხდეს სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებული პრობლემების დროული გადაჭრა?

-ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საექსპორტოდ განკუთვნილი საკვები პროდუქცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით არის გასინჯული. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილ საქონელზე მომხმარებელი ისეთივე მაღალი ხარისხის სურსათს ითხოვს, როგორიც მაგალითად შეერთებულ შტატებში იგზავნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი თანამშრომლობაა. ამჟამად კვების ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი და შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ცდილობს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მე დარწმუნებული ვარ მალე ჩვენი ქვეყანაც შეუერთდება ამ თანამშრომლობის გეგმას და ეს ნამდვილად გლობალური მოძრაობა გახდება.

-როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან? შედიხარ სუპერმარკეტში და სასურველიპროდუქტის შეძენისას, კითხულობ ეტიკეტს გამადიდებელი შუშით. ამას მიაქვს დიდი დრო. გარდა ამისა, სულ მცირე, კვებისტექნოლოგის დიპლომი მაინც უნდა გქონდეს, რომ გაიგო შემადგენლობის არსი… ეს ხომ ძალიან რთულია?

-აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენთან გენმოდიფიცირებული პროდუქტი დიდი რაოდენობით იყიდება. ევროპაში ამის მექანიზმი უკვე მუშაობს, რადგან სუპერმარკეტებში ჯანმრთელი პროდუქტი სათანადო ნიშნის ქვეშ იყიდება. ეს გახლავთ მწვანე ფონზე დატანებული – FF. ეს საკმაოდ დიდი, თვალში მოსახვედრი სამარკო ნიშანია. ჯანმრთელი პროდუქტი გენმოდიფიცირებულზე შვიდჯერ ძვირია. ასე რომ, ევროპაში ეს პრობლემა მარტივადაა გადაჭრილი და ეტიკეტების კითხვა საჭიროც აღარაა. სასურველ, ჯანმრთელ პროდუქტს ცალკე სექციაში ყიდულობ. ამასთან, არ გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების გიგანტური ფართობი, მაგრამ საქართველო ევროპის კონტინენტზე, პრაქტიკულად, უკანასკნელი კუნძულია ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩვენი სოფელი ამ კუთხით განადგურებული და წამხდარი არ არის და უამრავი მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება შეიძლება. ამით ვართ საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის და ამით უნდა შევიდეთ ევროპის სასურსათო ბაზარზე.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს, სადაც ზაფხულის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

-სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასააღდგომო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს საეჭვო ადგილებში, გაურკვეველი წარმომავლობის, მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან და რეკომენდაციებით მიმართავს:

• ნუ შეიძენთ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანისაკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში.

• სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას,
დააკვირდით, რამდენად ახალია პროდუქტი.

• ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს.

• დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე -2 91 91 67 (68).