საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი, მიმდინარე კვირაში, საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს.

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.

დელეგაცია აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში შეხვდება, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.