ჩვენმა სამხედროებმა ბევრი „საინტერესო პერსონაჟი“ დაატყვევეს – მათ შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები – ალექსეი არესტოვიჩი

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი ტყვე გაცვალოს. ჩვენმა სამხედროებმა ბევრი „საინტერესო პერსონაჟი“ დაატყვევეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, ძალიან ღირებულები, რომლებსაც თითოს 50-80 ადამიანში გაგვიცვლიან“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მან დაკავებულების ვინაობა არ დაასახელა, მაგრამ მიანიშნა, რომ მათ შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს და 76 უკრაინელი სახლებში დაბრუნდა.