პარტნიორებს შევახსენე, რომ 2008 წელს ჩვენ სისხლით გვაქვს თავისუფლებისთვის ფასი გადახდილი, ეს კარგად დაიმახსოვრონ და ისევე დაგვიდგნენ გვერდით, როგორც დღეს უკრაინას უდგანან – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრისას საქართველოს მხარდაჭერაზე იყო საუბარი.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საქართველოს არ ექნება სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რუსეთის წინაშე შიშველი ხელებით აღმოჩნდება.

„უმთავრესი საკითხი, რაც პირადად დავაყენე, არის შემდეგი: დღეს უკრაინის ირგვლივ კონსოლიდირებულია მთელი დასავლეთი და პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ, მათ ვთხოვე პარტიის სახელით, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ, ქვეყნის მხარდაჭერა, რადგან თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის პოზიციებს და ბოლო დროს გაკეთებულ საკმაოდ მავნებლურ განცხადებებს, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი, ჩვენ შეიძლება რისკების წინაშე დავდგეთ.

ჩვენ თუ არ გვექნება სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რუსეთის წინაშე შიშველი ხელებით აღმოვჩნდებით. ამიტომ, პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ 2008 წელს ჩვენ სისხლით გვაქვს თავისუფლებისთვის ფასი გადახდილი, ეს მათ კარგად დაიმახსოვრონ და საქართველოს ისევე დაუდგენ გვერდით, როგორც დღეს უკრაინას უდგანან“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.