ნიკა გვარამიას ტანტრუმს ვუსმინე – იმუქრება, რომ აქციებს, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას არ მოითხოვენ, დაწყევლის – თამარ ჩერგოლეიშვილი

„სააკაშვილის სპიკერის, ნიკა გვარამიას ტანტრუმს ვუსმინე. ასეთ ტანტრუმებს სააკაშვილისთვის მართავს და არა შედეგისთვის – ამიტომაა მოწყვეტილი რეალობას სააკაშვილიც და ოპოზიციური მედიაც “,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულება სააკაშვილზე აქციებით არ დასრულდება.

„შანტაჟის ენა ჩვენთან მიმართებით არ მუშაობს. იმუქრება რომ აქციებს, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას არ ითხოვენ – დაწყევლის.

(ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას და ვესის აქციას გულისხმობს რომელიც 3 აპრილს გაიმართა, ხაზგასმით ითქვა რომ აქცია არ ეხებოდა პოლიტიკოსებს, ეხებოდა იმ იდეას რის გამოც უამრავმა გენიალურმა ქართველმა თავი გასწირა. რაც ითქვა ორგანიზატორების მხრიდან, ის შესრულდა. ამხელა აქცია, ასეთი პოზიტიური გამოხმაურებით ევროპულ საქართველოს არ ჰქონია მისი შექმნის დღიდან – კიარა, არცერთ პატარა თუ დიდ პარტიას არ ჰქონია ასეთი აქცია. კიდევ გვექნება ასეთი აქციები და ყოველთვის იმას დაგახვედრებთ, რასაც წინასწარ შეგპირდებით და მერე ხალხი გადაწყვეტს, მოვიდეს, თუ არ მოვიდეს).

საქართველოში სასამართლო არ არსებობს, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვინც ციხეში ყოფილა – სააკაშვილის ჩათვლით. არცერთ მათგანს არ ჰქონია სამართლიანი სასამართლო – ეს არის ის მძიმე მოცემულობა, რომელსაც 10 წელია ვებრძვით და რასაც ვერ მოვერევით, თუ ხელისუფლება დემოკრატიული ძალით არ შეიცვალა.

ვინც თვლის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციები უშველის, მას აქვს სრული უფლება ეს აქციები გამართოს.

არავინ უშლის ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ნახევარი მილიონი ამომრჩევლით მოაქვს თავი, გამართოს აქციები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით – ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

ვისაც სურვილი აქვს – მივა. ძალიან მარტივია აქციის გაკეთება, თუ მოთხოვნა ბევრ ხალხს აწუხებს. ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ როდესაც თემა ბევრ ხალხს აწუხებს, ამ ხალხს დაძახებაც არ უნდა – თვითდინებით გამოდის ქუჩაში. სხვების წყევლას, არ ჯობია აქციები თქვენ აკეთოთ? მე არ მიმაჩნია რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება სააკაშვილზე აქციებით დასრულდება. ვისაც მიაჩნია, იმან აკეთოს – ჩვენი წყევლა ამისთვის რა საჭიროა?

ჩვენ იმას ვიზამთ, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და ვერანაირი შანტაჟი ამას ვერ შეცვლის. წესით უნდა მიმხვდარიყო აქამდე, რომ ევროპულ საქართველოში ლიდერშიფი შეიცვალა“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.