როგორც რუსეთი არ წყვეტს აღდგომის დღეებში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას – დიმიტრი ხუნდაძე

„როგორც რუსეთი არ წყვეტს აღდგომის დღეებში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას – თუ ვინმეს გგონიათ, რომ ეს ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებთ, არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ცდებით“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი შეფასებით, ოპოზიცია სახელმწიფოს შენებისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში ჩართვის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„თქვენც კარგად იცით, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საქართველო მაინც მიდის წინ. მიუხედავად მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიისა, ქართული ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში არის ორჯერ შემცირებული, თუმცა, თუ ოპოზიციურ ტელევიზიებს მოვუსმენთ, ქვეყანაში არის მასობრივი შიმშილი. თუმცა, უფრო მეტი უნდა შევძლოთ. რეგიონში, პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ამ ომში ჩათრევის არაერთი მცდელობაა დღესაც და ალბათ, განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, როცა არესტოვიჩი აკეთებს განცხადებას, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომის დაწყებას შეძლებდა, რასაც ვერ შეძლებს დღევანდელი ხელისუფლება. და კითხვას, როცა ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები სვამენ, თუ რატომ ვუწოდებთ მათ „ომის პარტიას“, ალბათ ეს მიდგომაც ამართლებს.

„ომის პარტიას“ არქმევს თქვენივე ქმედება და ის მოლოდინი და გულისწყვეტა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. თუმცა, ეს არის სწორედ 2012 წლის საზოგადოების ყველაზე დიდი დამსახურება, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის მსხვერპლი და რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ეს ჩვენთვის, ისედაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის? ომის დაწყება იოლია, დამთავრება რთული და შედეგები შესაძლოა, უმძიმესიც ყოფილიყო“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.