რადგან არ გვაქვს შესაძლებლობა პარლამენტში ივანიშვილი დავიბაროთ, მობრძანდეს პრემიერი – ველოდებით „პირად თანაშემწე“ ღარიბაშვილს – სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დაბარებას მოითხოვს. აღნიშნული ინიციატივა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე გააჟღერა.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და გუშინდელ ჩანაწერებს უკავშირდება.

,,გუშინ გაკეთებული ჩანაწერები არ არის გაკეთებული „ქართული ოცნების“ სუს-ის და დამხმარე სპეცსამსახურების მიერ. საინტერესოა ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი და რა მიზნით მოხდა მისი გავრცელება. ირაკლი კობახიძე პიტერ აკერმანს აბრალებს ამ ჩანაწერს, არა ბატონო ირაკლი, აკერმანს ნამდვილად არ ჩამოუტანია ეს ჩანაწერი ჩემოდნით ბაკურიანის შეხვედრაზე, მაგრამ საინტერესოა ვინ გაავრცელა ის და რა მიზნით. დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მთავარი ამოცანაა სანქციების რეჟიმის დაცვა და შესრულება. დასავლეთის ამოცანაა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების იმგვარი დაზიანება, რომ ვეღარასდროს შეძლონ სამხედრო აგრესიის განხორციელება ვერც უკრაინის და ვერც საქართველოს მიმართ. თქვენს მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას არ უკავშირდება რუსეთის სამოქმედო გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, დასავლეთის წარმატებას კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი და უკრაინის მომავალიც.

რადგან არ გვაქვს შესაძლებლობა ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში გამოვდივართ ინიციატივით, რომ ინტერპელაციის პროცედურით საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და გუშინდელ ჩანაწერებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაფორმდება და ველოდებით „პირად თანაშემწე“ ღარიბაშვილს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.