ევტუშენკოვი, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, სამხედრო კრიმინალია – ის შოიგუს ბიზნესპარტნიორია, მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება – ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობა და ურთიერთობა რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან მისი სანქცირების კიდევ ერთი საფუძველია.

ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ევტუშენკოვის საქმიანობის რამდენიმე მონაკვეთი გაასაჯაროვა, სადაც რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ პუტინის სამხედრო ოპერაციებშია ჩართული.

“მინდა გამოვეხმაურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ადასტურებს წლების განმავლობაში რუსეთის გავლენას საქართველოზე, რასაც ბიძინა ივანიშვილი უარყოფდა და ადასტურებს ტყუილს, თითქოს, ის გამოსული იყო რუსეთის ბაზრიდან. ასევე ლოგიკურად ხსნის მის პოლიტიკურ მოქმედებებს წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ, მძიმე დანაშაულზე გვაფიქრებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არის კიდევ ერთი უტყუარი და მძიმე საფუძველი ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქობისა და მისი სანქცირების აუცილებლობისა. გარდა ამისა, მე მინდა დამატებით ინფორმაცია წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის მეგობარ ევტუშენკოვთან დაკავშირებით.

ჩვენ ვისმენდით, თითქოს ეს ევტუშენკოვი არის ბიზნესმენი და ასეთი შეფასება მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ დაბნეული წარმომადგენლებისგან, მაგრამ მინდა ჩამოვთვალო 4 ფაქტი მის „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებით: 1. ის იყო აბსოლუტურად ყველა სამხედრო დანაშაულის მონაწილე პუტინის სამხედრო ოპერაციების დროს. ეს იყო სირიაში, დონბასში, ყირიმში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა, სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას. იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა, მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში მოწყობისთვის. 2. მის მმართველობაშია მსოფლიო ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობის კომპანია. 3. ის არის შოიგუს ბიზნესპარტნიორი. შოიგუ შვილის მეშვეობით მართავს კომპანიას, რომელშიც მას აქვს ჩადებული მილიარდნახევარი რუბლი და ის ამ კომპანიის მმართველობაშიც შევიდა. 4. ევტუშენკოვის კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც კონკრეტულად ახლა ომის დროს უკრაინაში გამოიყენება, ბომბავს ხალხს. ანუ რომ ვთქვათ, ევტუშენკოვი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე დადასტურებული ძალიან ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი, არის სამხედრო კრიმინალი, სანქცირებული მონაწილე, დამნაშავე უკრაინის და არამხოლოდ სამხედრო ოპერაციებში, რაც პასუხისმგებლობას ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს და რაც არის მისი სანქცირების კიდევ ერთი საფუძველი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.