სურამელი ბიჭი, რომელსაც ორი დღეა ეძებდნენ, ბათუმში იპოვეს

20 წლის ჯარისკაცი გიორგი კობალაძე, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, ბათუმში მოქალაქემ იპოვა.

„დღევანდელი ვიდეო რომ დადო, ჩემთან ერთადაა გამწარებული ბიჭი, გზაში გადამეყარა, ჩემთანაა“, – წერს მოქალაქე ბესო დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე კობალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სოციალურ პრობლემებზე საუბრობდა, ახლობლებს ბოდიშს უხდიდა და ამბობდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა.

„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ე.ი. აღარ ვარ. ალბათ, ყველა იტყვის, ნეტა რატომ გადაწყვიტა ამ უბედურმაო, ეცოცხლა ცოტა ხანიო. განა ვინმეს ვალი მაქვს, არა, მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ისე სწორად და ადამიანურად, როგორც მე შემეფერებოდა…

ვიცი, ამ გადაცდომით ნერვიულობას გადავყვები და ათას რაღაცას გავაკეთებ, მირჩევნია დაგემშვიდობოთ. ნუ დაგწყდებათ გული, ბედნიერი კაცი ვიყავი აქამდე. დღეს დილას ჯარში წამოვედი, უნდა გამოვცხადებულიყავი და იცოდეთ, რომ ვერ გამოვცხადდები. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში. ოღონდ მიპოვით მკვდარს. დედას მივმართავ, ვიცი, მაგრად გიყვარვარ, მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ“, – ამბობდა კობალაძე ვიდეოში.