ვისთანაც მინდა დავილაპარაკებ, ვისთანაც მინდა გავერთიანდები, არ მეშინია, რა ჭორს მომიგონებენ – არ ვავლენ სიმხდალეს, რომელიც ძალიან დაინერგა საქართველოში – გიორგი მარგველაშვილი

არც შემოთავაზება, არც განხილვა, ხუმრობითაც კი არავის არ უთქვამს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდე ან თავმჯდომარე ან დუშეთის რაიონის სოფელ არღუნის თავმჯდომარე, არ შემოუთავაზებიათ არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია ან პოლიტიკური მიზნები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში არ აქვს.

„მათ მიმართ კი არ არის კითხვა, რატომ მოიტყუეს, არამედ ჩემ მიმართ, „აბა რატომ მოგიგონეს ტყუილი?“. დაახლოებით იცით რას მაგონებს, სოფელში თინეიჯერ გოგოს რომ ეჩხუბებიან, „შენ რატომ გამოგელაპარაკა ის ბიჭი, რა მიზეზი მიეცი?“. ამ რეჟიმში საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები განიხილება. რაღაცა ბრალს დაგდებენ და მერე შენ უნდა ეძებო, შენ რატომ მიეცი მიზეზი ვიღაცას, რომ ტყუილი მოგიგონოს.

არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია ან პოლიტიკური მიზნები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში ნამდვილად არ მაქვს. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, „ქართულ ოცნებაში“ დღეს არიან ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველაზე ბინძურ საქმეს ასრულებდნენ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ და დღეს გადაპორტირდნენ „ოცნებაში“, ეს ადამიანები მე ბრალს მდებენ, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მათი ბიოგრაფიაა გასასინჯი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.