ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება – ირაკლი ზარქუა

ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი (რეიტინგის გაზომვა) არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ზარქუა აღნიშნავს, IRI-ს დიდად არ ნდობა, თუმცა, გარკვეულ ტენდენციებს ის მაინც ასახავს.

„ბიძინა ივანიშვილს ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრ განსაცდელს ავერიდეთ და აერიდა საქართველო. რაც შეეხება ამ რეიტინგებს, ის უკვე გასულია პოლიტიკიდან და არც ჩანს, ამიტომ რამდენად სწორი იყო მისი ჩართვა ამ ნუსხაში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ზოგადად, იმ ჩამონათვალში, პირველ ხუთეულში არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმის სწორი აღქმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% – თბილისის მერ კახა კალაძის, ხოლო 52% – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 31%-ია განწყობილი.