უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ არ შეიძლება, საქართველოს ტერიტორია, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად – ანდრეი კასიანოვი

უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბრის ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

„მინდა, პასუხი გავცე, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას და უფრო კარგად შევაფასებთ კონკრეტულ ქმედებებს. რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოსპრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან, ასევე აშშ-ის საელჩოსთან“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს არ მისცემენ უფლებას, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის. მისივე თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება.