მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ მთავრობას ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორშაბათს 6 საათამდე, რათა უზრუნველყონ ჩემი ძმის, მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ – დავით სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად მიშა არის პუტინის მძევალი საქართველოში, ამიტომ ყველას ღირსების საკითხია, შეუნარჩუნდეს მას ჯანმრთელობა.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, ექიმების კვალიფიციური ანგარიში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აშკარად ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ახლა სიღრმისეულად არ დავიწყებ ამ დასკვნის განხილვას. მდგომარეობა არის იმაში, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ გათვითცნობიერებული არ აქვს, რა რისკებთან გვაქვს საქმე. ყველაფერს მოვერევით, მთავარია, მიშა იყოს მხნედ და კარგად. მე, როგორც მიშას ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა. მინდა, მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომელმაც აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ საქართველოში არ განმეორდეს ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს.

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ. ძალიან მომწონს სამოქალაქო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. საზოგადოების ნაწილი ალბათ მიხვდა, რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე. რეალურად მიშა არის პუტინის მძევალი საქართველოში, ამიტომ ყველა ჩვენგანის ღირსების საკითხია, შევუნარჩუნოთ მას ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება, რომ მონაწილეობას მიიღოს, იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას მთავრობას, რომ გარკვეული პერიოდის გამავლობაში, ორშაბათს, 6 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ ჩემი ძმის, მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.