უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერი, რაც ომმა გაანადგურა, აღდგება. უკრაინის აღდგენა ახლა უნდა გახდეს ისეთივე ისტორიული მაგალითი მომავლისთვის, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების აღდგენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ვირტუალურ რეჟიმში მიმართა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „უკრაინისთვის“.

მისივე თქმით, თავისუფალი მსოფლიოს სწრაფი და საკმარისი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ომის გამო იძულებით გადაადგილებული მილიონობით უკრაინელი სახლში დაბრუნებას შეძლებს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა.

„უკრაინამ სწრაფად უნდა იმოძრაოს ევროკავშირისკენ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით, რაც მას ახლავე უნდა მიანიჭონ, ომის პირობებში და სპეციალურად შემოკლებული პროცედურით ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო დაგეგმილი, როგორც მზადება ერთიან ევროპაზე დარტყმის მისაყენებლად. ასე რომ, მეტი ერთიანობა იქნება ძლიერი პასუხი ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ, უკრაინის წევრობა ევროკავშირში უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები. მე ვიცი, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის და თქვენც იცით ეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს უმრავლეოსობას ეს კარგად ესმის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.