პოლიტიკა

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დადგნენ ერთად შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი -კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება და ეცნობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რადგან საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში მუშაობენ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ცვლილებებისა და პროგრესის მიღწევა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტიისა და ყველა ოპოზიციური ლიდერის თანამშრომლობა გაგრძელდეს ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ, ეკონომიკაზე, განათლებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე.

„ახლა არ არის ერთმანეთთან ბრძოლის, ერთმანეთთან ჩხუბის დრო. ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგნენ და შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა. ეს მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ რუსეთისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ გახლიჩოს, დაყოს ეს ქვეყანა, შეიტანოს დაბნეულობა.

ქართველი ხალხის ერთიანობა, რა თქმა უნდა, ამაში ხელს შეუშლის. ასე, რომ ჩვენი, ამერიკის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანდნენ, დადგნენ ერთად და ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს ახლა ენერგია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.