ევროპის სახალხო პარტია – „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას” გადაიყვანონ კლინიკაში”

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, და „ქართულ ოცნებას” მის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

ისინი ასევე გმობენ  მმართველი პოლიტიკური ლიდერების დეფამაციურ თავდასხმებს ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის, სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სააკაშვილს აწუხებს გართულებების რთული ჯაჭვი – რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ანორექსია – განვითარებული არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობის შედეგად ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ.

ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაციები, რამაც გამოიწვია სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება.

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

ჩვენ ვგმობთ მმართველი პოლიტიკური ლიდერების დეფამაციურ თავდასხმებს ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ  „ქართულ ოცნებას”, რომ გაიაზროს სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში შესაბამის საავადმყოფოში, ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც ის შეძლებს კვალიფიციური მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიღებას.

ყოფილი პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა, მისი დაინვალიდება ან სიკვდილი საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემის, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების კუთხით.“ – წერია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.