უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკივსა და იზიუმში კონტრშეტევაზე გადავიდნენ – შეიარაღებული ძალების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ რუსებმა ძირითადი ძალა ლუჰანსკის მიმართულებით გადაისროლეს, სადაც პოპასნის, კრემენნოის და ტორსკის რაიონებში ბრძოლები მიმდინარეობს.

ზალუჟნის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკივსა და იზიუმში კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

“ჩვენ რეგულარული კავშირი გვაქვს ამერიკელ გენერალთან მარკ მილისთან. ნდობა, პროფესიონალიზმი და საერთო ღირებულებები არის საფუძველი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების, რომელიც ფართომასშტაბიანი რუსული, შეიარაღებული აგრესიის პირობებში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. საუბრისას აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება განაახლა. ამის მთავარი მიზანია ლოჯისტიკური პრობლემების შექმნა, რომ უკრაინამ სამხედრო-ტექნიკური დახმარება ვერ მიიღოს. მაგალითად 3 მაისს მტერმა 14 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. ამიტომ უკრაინისთვის M142 HIMARS და М270 MLRS ტექნიკის მიწოდება აქტუალურია”, – ამბობს ზალუჟნი.

მან პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო შეიარაღების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ეუფლებიან მიწოდებულ ტექნიკას.