მეთიუ ბრაიზა: როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ, სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, პროვოკაციულ აქტორს – იგი 2008 წელს ამბობდა, რომ შემდეგი ყირიმი იქნებოდა, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე

„სიტყვების თამაში“ ვლადიმირ პუტინს აღარ გამოსდის და დასავლეთისთვის უკრაინაში ხელმეორე შეჭრა უკვე ნათელია, ამის დასაწყისი კი სწორედ ტერიტორიების ე.წ. „აღიარება“ და ჯავშანტექნიკის ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა გადააადგილებაა, – ამის შესახებ  ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ბრაიზა  აღნიშნავს, როგორი სიტყვების თამაშიც არ უნდა სურდეს რუსეთს, სულ მცირე, ნატო-ს ორ დედაქალაქში, ვაშინგტონსა და ბერლინში, ამას არ მიიღებენ, არ დაიჯერებენ.

მეთიუ ბრაიზა ასევე საუბრობს საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების მსგავსების შესახებაც.

„კიდევ ერთი რამ, რაც ამ ორ სიტუაციაში მსგავსია, არის ის, რომ დასაწყისში ნატო-ს ევროპელი წევრები არ იღებდნენ არახელსაყრელ სიმართლეს იმის შესახებ, რომ პუტინი ომის პროვოცირებას ახდენდა. მე ვშიშობდი, რომ ისინი მხოლოდ სუსტად, მორიდებულად და კვლავ ისე უპასუხებდნენ და დასჯიდნენ რუსეთს, რომ ეს ყველაფერი მაინც „თბილად გამოიყურებოდეს“. მაგრამ დღეს, უკვე გაცემული პასუხებით ჩანს, რომ ალიანსი არის ერთიანი და ევროპელებს სურთ, რომ გაატარონ ზოგიერთი მკაცრი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ამჯერად დიდი განსხვავებაა. ამასთან, ახლა ამ მოვლენებს მთელი მსოფლიო უყურებს და აკვირდება. მაშინ, არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, აღარავის სჭირდება რუსეთის გამოაშკარავება, ის აჩვენებს მსოფლიოს, რა არის სინამდვილეში პუტინის რუსეთი.

როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი. 2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო. ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, – ამბობს ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.