რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე – უკრაინის გენშტაბი

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 73-ე დღეს ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

მათი ცნობით, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა გრძელდება. ოკუპანტებმა სამრეწველო კომპლექსზე კონტროლის დამყარების მიზნით, თავდასხმითი ოპერაციები განახორციელეს.

„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. იზიუმის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ჯარების პოზიციების დასადგენად. ცირკუნისა რუსკი ტიშკის დასახლებების მიდამოებში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საავტომობილო ხიდი, რათა შეანელონ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის გასწვრივ და იყენებენ ოპერატიულ და ტაქტიკურ თვითმფრინავებს ჩვენი ჯარების პოზიციებზე სარაკეტო იერიშებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.