კალაძე სააკაშვილის EPP ყრილობაზე მიწვევაზე – „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა – მისი გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური თითოეული პატიმრის ჯანმრთელობას იცავს.

როგორც კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რამე საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის უსაფრთხოება იყოს ყოველთვის დაცული“, – განაცხადა კალაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა  „ევროპის სახალხო პარტიის”(EPP) ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიწვევას.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა,” – თქვა კალაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.