ირაკლი კობახიძე – ილუზია თუ აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ივანიშვილი და მისი ხასიათი

შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში. როდესაც ასეთი საბანკო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი ერთი თვის განმავლობაში აფერხებს გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ იცის, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც: „პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია აქცენტს აკეთებს შვეიცარიული ბანკიდან ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხებაზე. ამ პროცესებს უკავშირებს ამერიკას და რომ ეს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევასთანაა დაკავშირებული“.

„არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ სულ მცირე, ეს მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, ვფიქრობ, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს მათ შორის ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ამ კაცმა გამოვლინა 2012 წელს.

რაც შეეხება ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხებას, როდესაც ასეთ გადარიცხვას სტანდარტულად სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება, შეხვიდე. ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ არ ცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.