,,უკრაინის აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე ხანძარია, მდგომარეობა კატასტროფულია” – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე მდგომარეობა კატასტროფულია.

კერძოდ, მისი თქმით, რუსული არმია ანადგურებს უნიკალურ ნაკრძალს – Кинбурнская коса, ნახევარკუნძულს, რომელიც მიკოლაევის ოლქში მდებარეობს. მას ხერსონის ოლქი ესაზღვრება.

დენისოვა აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის. ტერიტორია დროებით ოკუპირებულია, რის გამოც უკრაინულ მხარეს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ.

უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, რომ განადგურების საფრთხე ემუქრება ველური წითელი წიგნის ორქიდეების უდიდეს ველს, რომლის ფართობიც 60 ჰექტარზე მეტია და წითელ წიგნშია შეტანილი, ასევე მრავალწლიან ხეებს, ვარდისფერ ტყეებს და ცხოველებს.

დენისოვა ამბობს, რომ რუსი სამხედროები ტყის მცველებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას არ აძლევენ, ასევე, არის სახანძრო მანქანებისთვის საჭირო საწვავის ნაკლებობა.

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, ადგილზე ასევე რჩებიან მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, ვინაიდან საკვების გარეშე დარჩნენ.

,,უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვითარება კატასტროფულს უახლოვდება. ტყის ხანძრების შედეგები ძალიან საშიშია ადამიანისთვის და დამანგრეველი გარემოსთვის, ვინაიდან ცეცხლი ანგრევს უკრაინული ტყეების მთელ ეკოსისტემას, რომლის აღდგენაც ძალიან რთულია.

ოკუპანტები არღვევენ ჟენევის 1949 წლის კონვენციის პროტოკოლებს. მივმართავ გაეროს კომისიას, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს”. – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.