ტომარაძე: “ოცნების” დეპუტატებს “სითი პარკი” არ ეთმობათ!..

დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა ზვიად ტომარაძის  და როინ მიგრიაულის კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვით კერძო კომპანია “სითი პარკს” აღარ ექნებოდა ავტომობილების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა.

ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ „ოცნების” დეპუტატების ნაწილმა სხდომა ისე დატოვა, რომ ქვორუმი ვეღარ შედგა და კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

-„დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა ჩემი და როინ მიგრიაულის კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტის მიხედვით, კერძო კომპანია სითი პარკს აღარ ექნებოდა ავტომობილების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება. ამ ფუნქციას სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები შეასრულებდნენ. კანონპროექტით ჩვენ გამოვნახეთ მარტივი გამოსავალი, არც ხელშეკრულება უქმდებოდა და არც სახელმწიფოს უწევდა კომპანიისთვის 25 მილიონის გადახდა.

სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარების სურვილი არ გააჩნია. ჩვენს ინიციატივას განსაკუთრებული წინააღმდეგობა გაუწია იურიდიული კომიტეტის სპეციალიტმა ქ–ნმა ნინო ბასილაძემ (მისი მხრიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა). “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმა სხდომა ისე დატოვა, რომ ქვორუმი ვეღარ შედგა და კენჭისყრა ვერ ჩატარდა, შესაბამისად ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. კომიტეტის სხდომის წამყვანმა მამუკა მდინარაძემ და ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ კომპანია სითი პარკისთვის ამ უფლების ჩამორთმევით ქალაქში მოსალოდნელია საგზაო კოლაფსი და პროცესები შესაძლოა უმართავი გახდეს. წარმოუდგენელია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოთო კახიძე უფრო კონსტრუქციულად იყო განაწყობილი და ჩვენს თანამოაზრედ უფრო წარმოჩინდა, ვიდრე ქართული ოცნების დეპუტაცია…

კომენტარი თქვენთვის მომინდვია მეგობრებო!“-აცხადებს ტომარაძე.

კომენტარის დატოვება