სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის აეროპორტში, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ბრალდებულმა ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

,,სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.