ნიკა გვარამიას „განაჩენი” რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა, ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღევანდელი განაჩენი „რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა”.

სააკაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ განსხვავებები გვერდით გადადოს და გაერთიანდეს.

„ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი „განაჩენი” სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა.

ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა”- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე “რუსთავი 2”-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.