,,ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როცა სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი, როცა ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება” – ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით „პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია”.

ოხანაშვილი მოუწოდებს ნიკა გვარამიას ადვოკატებს, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თუ არ ეთანხმებიან.

„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა როდესაც კონკრეტული პირი ჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია. ვერავის განცხადება ვერ შეცვლის იმას, რომ თუ პირი რამეს დაარღვევს, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ვერ დაასახელებთ, ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოში ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, იცით, რა კონკრეტულ სფეროს თუ წარმოადგენს, არ შეიძლება მასზე შეხება“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.