2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება -ანა წითლიძე

2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ იქნება იქ, “სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ახლა  მელიას გარჩევები მნიშვნელოვანი არ არის.

„ვნახე მისი ეს „ფეისბუქ პოსტი“. მე არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები არის ახლა მნიშვნელოვანი, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. წინ გველის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნებში თუ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, დამიჯერეთ, მეც, ნიკა მელიასაც , ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებსაც ვინც ახლა აქ ხართ, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება ნამდვილად და უკან მოგვრჩება ნებისმიერ ასეთი უთანხმოება,“- განაცხადა  ანა წითლიძემ.