“გრძელდება საზღვრის უკანონოდ გადმოწევა…”- გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სტატუსს ითვალისწინებს.

რეზოლუციას 80 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რუსეთის გარდა წინააღმდეგ წავიდა კიდევ 13 ქვეყანა. დოკუმენტში დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალისმიერი მეთოდებით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და ხაზგასმით არის აღნიშნული იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოებისა და უფლებების  დაცვა.

რეზოლუციის მიღებამდე საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ გაეროს წევრ ქვეყნებს ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე ვითარება გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელდება საზღვრის უკანონოდ გადმოწევა, საქართველოს მოქალაქეების გატაცება , ეთნიკური ნიშნით დევნა და ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა.

კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი ღიად ცდილობს მოახდინოს სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან ინტეგრაცია, რაც ბოლო დროს ჩატარებულმა რეფერენდუმმა ცხადყო, რის საფუძველზეც სამაჩაბლოს სახელის ალანიით შეცვლა გადაწყვიტეს.   გაეროს ელჩმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ღია აგრესიას პასუხი მოეთხოვოს.