“კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული”-დონალდ ტრამპს ამერიკელები უპირისპირდებიან

დონალდ ტრამპს  პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმების დატოვების გამო მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების შემდეგ საკუთარი ქვეყნის მსახიობები და რეჟისორები მკაცრად აკრიტიკებენ.   “დღეს ჩვენს პლანეტას ზიანი მიადგა!” – განაცხადა ლეონარდო დი კაპრიომ, ხოლო რეჟისორმა მაიკლ მურმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული” უწოდა.

ამერიკის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებების შეთანხმებიდან გასვლის განცხადება გუშინ გააკეთა.  ტრამპის მტკიცებით,  პარიზის კლიმატის შეთანხმების შესრულება შეერთებულ შტატებს ძვირი უჯდებოდა, ამიტომ ის ეცდება ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს,  რომელიც მისი ქვეყნისთვის და ამერიკელი ხალხისთვის მომგებიანი იქნება.

ტრამპის განცხადების შემდეგ ამერიკის დიდ ქალაქებში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და საკუთარი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

2015 წელს 195 ქვეყანა ატმოსფეროში სასათბურე გაზების შემცირებაზე შეთანხმდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ამერიკამ დადო პირობა, რომ სასათბურე გაზის ნარჩენებს მინიმუმამდე დაიყვანდა. აღნიშნული შეთანხმება განვითარებულ ქვეყნებს  განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებდა.