,,სერიოზული ალიყურია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამის შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯები” – გოცირიძე NATO-ში შეხვედრის გაუქმებაზე

,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანთან პრემიერის შეხვედრის გაუქმება საქართველოს ხელისუფლებისთვის ალიყურია. მისი თქმით, ეს ქვეყანამ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა მიიღოს.

,,დღევანდელი ეს ასე ვთქვათ დემარში, არის ძალიან სერიოზული ალიყური საქართველოს ხელისუფლებისადმი. ერთხელ ხომ გაარტყეს ლოყაში, ღარიბაშვილს, ეს ჩავთვალეთ, რომ მისი ექო გაცილებით მძლავრად მოხვდა ბიძინა ივანიშვილის. ხვალ-ზეგ ვის შეხვდება, როგორ შეხვდება არ ვიცით და არაფერი გამორიცხული არაა, მაგრამ თავად ეს ფაქტი, არის სერიოზული გაფრთხილება, ამის შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯები და სამწუხაროდ, შეიძლება ქვეყანასაც კი დაემუქროს სანქციები”, – თქვა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 18 მაისს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა. ოფიციალური მიზეზი არც ქართულ მხარეს და არც ნატო-ს პრესცენტრს არ დაუსახელებია.