ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა.

ასევე, ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა.

„საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ.

ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ”, – აცხადებს პრემიერი.