„ვინც აფინანსებს, ის უნდა მართავდეს…“

“მედიაჰოლდინგი “ იმედი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ინა გუდავაძე ასაჯაროვებს:

-„მედიაჰოლდინგი “იმედი” მოხარულია გაცნობოთ, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია “მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და  2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია “მაესტრო” გახდება ჰოლდინგის “იმედის“ შემადგენელი ნაწილი.

ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ, მედიაჰოლდინგი “იმედი” ტელემაყურებელს შესთავაზებს  განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

გვჯერა რომ,  გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედიასივრცის განვითარებაში.

ვსარგებლოთ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. გმადლობთ ერთგულებისთვის, აქ იმედია “-ნათქვამია განცხადებაში.

მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე კი აცხადებს, რომ ის არ ყიდის „მაესტროს“,  უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი.

”ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება. დაფინანსება თუ ერთი მხრიდან მოდის, ვინც აფინანსებს, ის უნდა მართავდეს, ხომ მართალი ვარ?” – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, ვინ არის დაფინანსების წყარო, გაჩეჩილაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხზე საუბრობდა და ”როგორც საჭიროა ისე იქნება.

ჩემი აზრით, ქართულ ტელევიზიას სჭირდება სისხლის გადასხმა, ახალი პროექტები, ახალი გადაცემები უნდა წამოვიდეს, თორემ ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში” – აღნიშნა გაჩეჩილაძემ ”ინტერპრესნიუსსთან“.

 

კომენტარის დატოვება