,,მათ შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე – ჩვენი მხრიდან საუბარი იყო ნიკა გვარამიას საქმეზე” – ნიკა სიმონიშვილი დერეკ შოლესთან შეხვედრაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაზე, სასამართლოში არსებულ „კლანზე“, ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაკავების საქმეზე და ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებიდან რუსული გავლენების არსებობაზე.

,,ამ შეხვედრაზე ძირითადად ჩვენი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული და მათ განსაკუთრებულად შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე, როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში არსებულ „კლანზე“. ასევე, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საქმეზე. ის იყო ერთ-ერთ მაგალითად მოტანილი თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ. მისი მხრიდან პოზიცია არ ყოფილა დაფიქსირებული, თუმცა, განსაკუთრებული შეკითხვები და ინტერესი მას ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ „კლანთან“ დაკავშირებით და ასევე, განსაკუთრებული ინტერესი მათი მხრიდან იყო სხვადასხვა ჯგუფებიდან რუსული გავლენების არსებობაზე ქვეყანაში. ჩვენი მხრიდან დეტალურად იყო მიწოდებული ინფორმაცია რეალურად როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, როგორ მართავს სასამართლო ხელისუფლებას „კლანი“ და რა დამოკიდებულება და ურთიერთობაა „კლანსა“ და ხელისუფლებას შორის. ეს საკითხები დეტალურად განვიხილეთ”,- განაცხადა სიმონიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, დერეკ შოლე საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.