გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს

ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტსა და იქ დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ხელაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები ეუთო-ს შეფასებით იყო თავისუფალი და სამართლიანი.

„საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამგვარად თანხმდება, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო კომპრომისები აუცილებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთის გზავნილები ოპოზიციის ვიწროპარტიულ მოლოდინებს არ ამართლებს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები ავტომატურად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მსგავსი ქცევა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის ცალსახად დამაზიანებელია. მით უმეტეს, პოლიტიკური შეთანხმების ძიების პროცესში ყოვლად დაუშვებელი,

ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხელაშვილმა.