,,ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი, შეთითხნილი საქმე, რომელმაც სულ სხვა მასშტაბით გააშიშვლა მართლმსაჯულება” – ანა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე

ნიკა გვარამიას საქმე არის საქმე, სადაც სამართლებრივი მდგენელი ფაქტობრივად არ არსებობს, მას არ ედავებიან იმას, რასაც ჩვენი კანონმდებლობა დანაშაულად აღიქვამს, -ასე შეაფასა პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკურად.

“ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი, შეთითხნილი საქმე, რომელმაც სულ სხვა მასშტაბით გააშიშვლა მართლმსაჯულება. შეიძლება თქვენს წინააღმდეგ დავა სულ სხვა მუხლით დაიწყონ, მერე ეს ვერ დამტკიცდეს, მაგრამ იმიტომ, რომ ადამიანი გარეთ არ გამოუშვან, მოსამართლემ მოიგონოს და შეთითხნოს უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდება. ეს ამ ქვეყანაში ძალიან საშიში პრეცედენტია იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის კორპორაციული სამყაროდან ხვალ შეიძლება მოედავონ კერძო სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისთვის და ამის გამო ციხეში ჩასვან”,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.