,,ვიწრო პარტიული ინტერესი აქვთ, „ნაციონალებთან“ ერთად, რომ გადააყირაონ ეს მთავრობა” – წულუკიანი ვიოლა ფონ კრამონსა და იან კელიზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“.

ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ამ უცხოელების პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ, მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მე მგონი, თავის საარჩევნო ოლქში არ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში და ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამისი უფლება აქვს.

ასევე არის ბატონი იან კელი, რომლის.. ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს სწორედ ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, მაგალითად, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს ან მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა,“ — თქვა მან.

წულუკიანმა დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“. დამატებით კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მათ, წულუკიანმა უპასუხა:

„ვიწრო პარტიული ინტერესი აქვს, „ნაციონალებთან“ ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა“.