,,ხელისუფლება საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო არენაზე მიზანმიმართულად აუარესებს” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა პარტნიორის მიერ სასამართლო „კლანად“ არის მოხსენიებული და რეიტინგი კიდევ უფრო დავარდნილი აქვს.

,,გარდა იმისა, რომ პოლიტიკური დევნა მიუღებელია და არაფერი საერთო ამას სამართალთან არ აქვს, ეს არის მეორე მნიშვნელოვანი მხარე ის, რომ ჩვენ ვშორდებით და დავშორდით ჩვენს დასავლურ ოჯახს, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ნიკა გვარამიას პოლიტპმატიმრობა, ჩვენს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. ყველა საერთაშორისო ანგარიშში და ჩვენი პარტნიორების მიერ ,,კლანად” მოხსენიებულ სასამართლოს რეიტინგი კიდევ უფრო დავარდნილი აქვს. უახლოეს კვირებში და დღეებში კიდევ უფრო მწვავე განცხადებები და შეფასებები იქნება. საერთოდ, უახლოეს პერიოდში, ზაფხულის განმავლობაში, ვნახავთ, რომ ძალიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მძიმე განცხადებები, მძიმე ანგარიშები გავრცელდება. ,,ქართული ოცნების” მიმართ ძალიან მძიმე პირობები იქნება წაყენებული. ამას ადასტურებს ჩვენი შეერთებულ შტატებში ვიზიტი, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა და ამ სიტუაციას ,,ქართული ოცნება” განგებ ამძიმებს, შეცდომით კი არ აკეთებს ამას, მიზანმიმართულად. ხელისუფლება საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო არენაზე მიზანმიმართულად აუარესებს, რომ ჩვენი ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან ინტეგრაცია არ მოხდეს. „ქართული ოცნება“ განგებ ამძიმებს მდგომარეობას, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი დარჩეს-რუსეთის ორბიტაზე ყოფნა, თუმცა მას ეს არ გამოუვა,”- განაცხადა ჩიხლაძემ.