კიევის სასამართლომ 21 წლის რუს სამხედროს, რომელიც სუმის ოლქის მკვიდრის მკვლელობაშია ბრალდებული, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კიევის სასამართლომ რუს სამხედროს ვადიმ შიშიმარინს, რომელიც სუმის ოლქის მკვიდრის მკვლელობაშია იყო ბრალდებული, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC იუწყება.

21 წლის შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში გაასამართლეს. ის სუმის ოლქის დასახლება ჩუპახოვკის 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობაში იყო ბრალდებული. პირველივე სასამართლო სხდომაზე რუსმა სერჟანტმა ბრალი აღიარა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, 28 თებერვალს შიშიმარინის კოლონა უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს, რის შემდეგ მან და კიდე ოთხმა რუსმა სამხედრომ ადგილობრივი მკვიდრის მანქანა გაიტაცეს და რუსეთის საზღვრისკენ წავიდნენ.

გზაზე მათ ტელეფონით მოსაუბრე შელიპოვი დაინახეს და შიშიმარინს კაცის მოკვლა უბრძანეს, რათა მან უკრაინელებს რუსი სამხედროების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდოს, შიშიმარინმა შელიპოვს რამდენჯერმე ავტომატიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.