,,პრეზიდენტს მოვუწოდებ, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს შეცდომის გამოსასწორებლად და ნიკა გვარამია შეიწყალოს” – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამიზნული პროვოკაცია იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაშლელად.

სამადაშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს შეცდომის გამოსასწორებლად ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის. მისივე განცხადებით, ამით პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

,,ნიკა გვარამიას დაპატიმრება შეფასებულია, როგორც დამოუკიდებელი მედია მენეჯერის პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა. მე, ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღესვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციური უფლება ნიკა გვარამიასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ დღეს, როდესაც ამ ძალიან რთულ გზას გავდივართ ევროკავშირში და ნატო-სთან მიმართებაში მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამიზნული პროვოკაცია იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაშლელად. მოვუწოდებ, საქართველოს პრეზიდენტს, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს ამ შეცდომის გამოსასწორებლად და ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, რომელიც ამ პრობლემას, კონკრეტულ პატიმართან მიმართებაში სწრაფად მოაგვარებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.