,,ხელს ვადებ ღარიბაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი” – გიორგი ვაშაძე

ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

„ჩვენ თუ ნაბიჯი არ გადავდგით, თავისთავად არაფერი ჩამოვარდება ციდან. ირაკლი კობახიძე ისევ თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მოსამართლეებს აშანტაჟებენ. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება რომ მოხდეს, არც ირაკლი კობახიძეს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, მით უმეტეს, არც ბიძინა ივანიშვილს არავინ აპატიებს, არც საქართველოს საზოგადოება და არც ჩვენი მომავალი თაობები აპატიებენ. უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ უშვებს ალბათობას, რომ მათმა ანტიდასავლურმა ნაბიჯებმა ფაქტობრივად ევროკავშირი მიიყვანა იქამდე, რომ უარი მივიღოთ. ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აშანტაჟებენ მოსამართლეებს, თავს ესხმიან ევროკავშირის და ამერიკის ელჩებს. უფრო მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს. არც ერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ.

ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ფიქრობენ, რომ ნაბიჯების ის კომპოზიცია, რაც ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გვითხრას უარი. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები“,- განაცხადა ვაშაძემ.