,,მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ყველა პარტიამ, რის გაკეთებაც შეეძლო, გააკეთა – ვაჩვენეთ ოპოზიციური ერთიანობა” – რომან გოცირიძე

სამარცხვინო გადაბრალების მრავალწლიანი პროცესი კიდევ უფრო აღვირახსნილ ფორმას იღებს და მთავრდება ლოზუნგით – ოპოზიციას არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ე.ი. უნდა ომი და მეორე ფრონტი – რომელმა სულელმა დაუწერა მათ ეს ლოზუნგი?! – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიციამ ხალხთან ერთად ფაქტობრივად აიძულა ხელისუფლება, რომ ევროკავშირში განაცხადი შეეტანა, ხოლო თუ ვინმე სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს ან პირიქით აფუჭებს, ეს მხოლოდ ხელისუფლებაა.

“მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თითოეულმა ადამიანმა, ყველა პარტიამ, რის გაკეთებაც შეეძლო, გააკეთა, ვაჩვენეთ ოპოზიციური ერთიანობა, არც კი უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირში და ოპოზიციამ მივაღებინეთ იძულებით რეზოლუციის პროექტი, გავგზავნეთ წერილი ევროკავშირში, რომ არ დაიჩაგროს ქვეყანა ცუდი მთავრობის გამო. ვინც არაფერს აკეთებს, ან პირიქით – აფუჭებს, ეს არის საქართველოს მთავრობა, თუნდაც ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით და ახლა მიდის პროპაგანდა, რომ თუ ამ პროცესში საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება, ვიღაცას გადააბრალონ, სამარცვინო გადაბრალების მრავალწლიანი პროცესი კიდევ უფრო აღვირახსნილ ფორმას იღებს და ასეთი ლზუნგით მთავრდება – ოპოზიციას არ უნდა გაწევრიანება, ე.ი. ომი და მეორე ფრონტის გახსნა უნდა! რომელმა სულელემა დაუწერა ეს ლოზუნგი? ეტყობა ივანიშვილს ჰყავს მრჩევლები, სუფრაზე ხან უმღერებენ, მერე ჭამენ, სვამენ ერთად აგარაკზე, ვინ ჰყავთ მრჩევლები ვიცით და ალბათ, იმათ ურჩიეს. ვინ იჯერებს ამას, ბრიყვი ჰგონიათ მოქალაქეები?!”- განაცხადა გოცირიძემ.