„ნაციონალური მოძრაობა” და EPP ერთი პოლიტიკური ჯგუფია – გააფთრებული და გავეშებული შეტევაა საქართველოზე – გია ვოლსკი

„ევროპის სახალხო პარტიის” მიზანია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს – „ნაცმოძრაობა” საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებაში მაგარია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის EPP-ის შემადგენლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” და EPP ერთი პოლიტიკური ჯგუფია, ტექსტს ადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, EPP- მ კი შესაძლოა, სიმწვავე დაამატოს.

„გარკვეულწილად, “ნაციონალური მოძრაობა” მაგარიც არის – ამდენი მედიასაშუალება აქვს, ამდენს აკონტროლებს, ამდენ ფულს ხარჯავს, ამდენი ლობისტი ჰყავს და თუ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება სიმაგრედ ითვლება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ვთქვათ, რომ დიახ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებში მაგარია, დახვეწილია, ჩამოყალიბებულია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის EPP-ის შემადგენლობაში. EPP-ის დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება და მოკვდინება იყო ჩვეულებრივი ამბავი და დამახასიათებელი იმ ხელისუფლებისთვის, რომლებიც დღეს, “ევროპის სახალხო პარტიის” წევრები არიან, პოლიტიკური პარტიას ვგულისხმობ, კონკრეტულად “ნაცმოძრაობას”. თუ ეს EPP-ის და ხალხის გარკვეული ნაწილის თვალსაზრისით დემოკრატიის სტანდარტია, მაშინ სერიოზული კითხვა გამაჩნია EPP-სთან და ყველასთან, ვინც ამას მიიღებს, როგორც ფაქტს, რაც განცხადებაში წერია, კერძოდ, რამდენად სამართლიანია დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ.

თუ გავიხსენებთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებს, რომელიც ჰქონდა ასოცირების შეთანხმების წინაპერიოდში, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინა პერიოდში, მიხვდებით, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანი არის როგორმე ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს, ამის მიზეზი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არის ის, რომ ევროინტეგრაციაში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის სერიოზული დარტყმა “ნაცმოძრაობის” ინტერესზე, მათთვის ბერკეტების გამოცლა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავითარონ. აქედან გამომდინარე, არის გააფთრებული და გავეშებული შეტევა საქართველოზე,”- განაცხადა ვოლსკიმ.