შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს – მათთვის მთავარი საკითხი კვლავ სააკაშვილია

შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან, „ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია, „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწროპარტიული ინტერესების გამოკვეთა აცდენილია ქვეყნისა და ხალხის ინტერესს.

„ამ ტექსტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რათა საქართველომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ და შემდეგ ევროპულმა საბჭომ რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი კვლავ სააკაშვილია. ეს კიდევ ერთი, ნათელი დადასტურებაა, რომ სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი აქვთ, რომელიც აცდენილია ქვეყნისა და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.