არჩილ თალაკვაძე: ბერძენიშვილები „ნაცმოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან, მეორე არხი – რასაც ვერ ამბობს „ნაცმოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები

„დღეს რაც მოვისმინეთ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, ეს არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე – წინა სესიაზე მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ საქართველოსთვის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას ორი პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩის“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, არცერთმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა. თავის სამშობლოს უყენებენ პირობებს ეს ადამიანები და აქ ჩვენ გველაპარაკებიან ევროპულ ფასეულობებზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ძალადობის წახალისებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდი გმობს და რეაგირებს ძალადობაზე.

„ სინამდვილეში ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. აქაც, პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობის წახალისება სინამდვილეში არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ. როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად, როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოების და ევროპის წინაშე. როდესაც პოლიტიკურ გუნდში დაპატიჟეთ ის ხალხი, რომლებსაც ყველაზე მძიმე ძალადობებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ეს არის ძალადობის წახალისება. ბერძენიშვილები რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მაქედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს ეკლესიაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და ყველა იმ ფასეულობებზე, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა, ეგ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი. რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები. და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, რომ ძალადობას თქვენ ახალისებთო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას პრობლემებზე მუშაობა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ოპოზიცია 7 თვის განმავლობაში, ბოიკოტის რეჟიმში იყო.

„თქვენ რა პრობლემებზე მუშაობთ? ყველაზე მაგრად როცა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, 7 თვის განმავლობაში, იყავით ბოიკოტში. პრობლემები მაშინ გვქონდა, თუ გვქონდა – იყო პანდემია ეკონომიკური რეცესია. პარლამენტის ამუშავება ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და ქვეყანას, რეფორმები მაშინ იყო გასატარებელი, კანონები მისაღები და თქვენ 7-8 თვე საბოტაჟს უწყობდით საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის პარლამენტს. რა საქმეზე მელაპარაკებით საერთოდ და რა პრობლემებზე? რომელ პრობლემაზე ისაუბრეთ აქ, რომელ მინისტრს დაუსვით პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები, აქ რომ მოსულები იყვნენ?“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.