ალეკო ელისაშვილი – საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში, რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?

საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში, რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? როდემდე შეიძლება ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიას ექვემდებარებოდეს და ასეთ კომპანიაზე იყოს დამოკიდებული მილიონ ნახევარი ადამიანი დედაქალაქში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, გუშინ მთელ თბილისს ჯერ წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი, რომ წყალმომარაგება შეგიწყდებათო.

„ძალიან მინდოდა, მაღალ მატერიებზე მესაუბრა და კოდექსებზე, მაგრამ ისეთ გაცოფებული ვარ, გუშინ ჯერ წყალი შემიწყდა და მთელ თბილისის ჯერ წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი, რომ წყალი შეგიწყდებათო. მინდოდა, ღარიბაშვილის და მთელი მთავრობისთვის მეთქვა, რომ როდემდე შეიძლება, რომ საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს.

საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში, რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს. როდემდე შეიძლება ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიას ექვემდებარებოდეს და ასეთ კომპანიაზე იყოს დამოკიდებული მილიონ ნახევარი ადამიანი დედაქალაქში.

რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ვკითხულობდი „ჯივიპის“ განცხადებას, ასეთი ცინიზმი – ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო – მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ და არბენინონ ქუჩა-ქუჩა. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? რა უბედურებაა ეს, ვიღას შევჩივლო, ესეც არ ვიცი. ნატამალი პასუხისმგებლობა არ აქვთ, რამე გაფუჭდება და წელიწადნახევარი უნდა სდიო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. ძალიან მინდოდა, მეკითხა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისთვის, კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ გქონდეს საერთოდ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რაზე ვლაპარაკობთ არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა.