იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა ნიშნავს მილიონობით ბავშვის, ქალისა და კაცის მძევლად აყვანას და სიკვდილის მისჯას

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის შავი ზღვის პორტების დაბლოკვით რუსეთი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ლუიჯი დი მაიომ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვით შესაძლოა მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპოს.

„ჩვენ ველით მკაფიო, კონკრეტულ სიგნალებს რუსეთისგან, რადგან მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა ნიშნავს მილიონობით ბავშვის, ქალისა და კაცის მძევლად აყვანას და სიკვდილის მისჯას.

საკვების ომის იარაღად გამოყენებით რუსეთი სხვა დანაშაულებსაც სჩადის, იმ სისასტიკეების გარდა, რაც უკრაინის მიწაზე უკვე ჩაიდინეს და ამას ყველა ხედავს“- განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.